ორსულობაში D ვიტამინი შეიძლება ბავშვის კოგნიტიურ უნარებს აძლიერებდეს - კვლევა

ორსულობაში D ვიტამინი

ახალმა ნაშრომმა აჩვენა, რომ ორსულობისას D ვიტამინის შედარებით მაღალი დონეები შეიძლება, ბავშვების უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებთან იყოს დაკავშირებული. კვლევაზე ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს გავლენის (ECHO) კოჰორტა მუშაობდა.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებსაც ორსულობისას D ვიტამინის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ, სხვებზე მაღალ ქულებს იღებდნენ პრობლემის გადაჭრისა და ახალი ინფორმაციის დამუშავების უნარების ტესტებში. საინტერესოა, რომ კავშირი არ გამოვლინდა D ვიტამინის დონესა და იმ უნარებს შორის, რომლებიც დაგროვილ ცოდნას ემყარება (ასეთია, მაგალითად, ლექსიკა).

ორსულობის დროს D ვიტამინის უფრო მაღალ დონეს განსაკუთრებით დადებითი გავლენა ჰქონდა შავკანიანი ბავშვების ტვინის განვითარებაზე. შავკანიანებს D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად აქვთ, რადგან მუქი კანის ქონა მზისგან ვიტამინის მიღებას ართულებს.

"ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადრეული ორსულობა შეიძლება კრიტიკული პერიოდი იყოს, როცა D ვიტამინს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს კოგნიტიური განვითარების ხელშესაწყობად", — აცხადებს დელავერის უნივერსიტეტის მეცნიერი მელისა მელოუ — "ეს ხაზს უსვამს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ კლინიცისტებმა D ვიტამინის დონე უკეთ შეამოწმონ. გარდა ამისა, ქალებს ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში ვიტამინი დაუნიშნონ".

D ვიტამინის დეფიციტი ორსულებში ხშირია და ნაყოფის ტვინის ადრეულ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ჯერ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, მისი ეფექტი მხოლოდ ბავშვობაში გრძელდება თუ ზრდასრულობაშიც. გარდა ამისა, არ ვიცით, განსხვავებულია თუ არა სიტუაცია რასობრივ ჯგუფებს შორის.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თავიანთი მიგნებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი აქვს. მიუხედავად ამისა, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, რა დოზაა საჭირო კოგნიტიური განვითარების ხელშესაწყობად და რომელ პერიოდში იქნება მისი მიღება ყველაზე ოპტიმალური.

კვლევა გამოცემაში The American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.