„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი. მისი დამახასიათებელია - ქავილით მიმდინარე გამონაყარი - სითხის შემცველი ბუშტუკები.
დაავადება ხასიათდება ძალიან მაღალი გადამდებლობით და ინფიცირების რისკის ქვეშ არის კონტაქტში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ აქვს გადატანილი ჩუტყვავილა ან არ არის ვაქცინირებული. როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები და როგორია მკურნალობის ტაქტიკა, ამ საკითხზე პედიატრი, ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.
ჩუტყვავილას სიმპტომები:
ჩუტყვავილას ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი არის ქავილით მიმდინარე ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება კონტაქტიდან 10-21 დღის განმავლობაში. სხვა სიმპტომები, რაც შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე, არის :
ცხელება
მადის დაქვეითება
თავის ტკივილი
გაღიზიანება ან ზოგადი სისუსტე.
გამონაყარი ხასიათდება გარკეული ეტაპურობით - 3 ფაზით:
თავდაპირველად ჩდება ვარდისფერი მცირე ზომის ამობურცული კვანძები, რომელიც იმატებს რამდენიმე დღის განმავლობაში.
აღნიშნული გამონაყარი გარდაიქმნება სითხის შემცველ ბუშტუკებად - დაახლოებით 1 დღის განმავლობაში.
ბუშტუკები სკდება და იფარება მოყავისფრო შეფერილობის ქერქით, შემდეგ კი ქერქი ვარდება, ხოლო გამონაყარი უკვალოდ ქრება.
კვანძები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩდება, რის გამოც გამონაყარის პერიოდში აღინიშნება სამივე ფაზის ელემენტი (კვანძი, ბუშტუკი, ქერქი) ერთდროულად. გამონაყარი აღინიშნება თავის თმიან ნაწილში, ასევე შესაძლებელია იყოს ყურშიც, თვალში, ლორწოვან გარსებზე - პირის ღრუში, უკანა ტანის და სასქესო ორგანოების მიდამოში.
როგორ ხდება ინფექციის გადაცემა?
ინფექციის გადაცემა სხვა ადამიანზე ხდება გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე და ასევე მანამ, სანამ ყველა ბუშტუკი არ დაიფარება ქერქოვანი წარმონაქმნით (სანამ გვხვდება წყლიანი ბუშტუკები). ჩუტყვავილა, როგორც წესი, მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე, მსუბუქად და ჯანმრთელი ბავშვები არ საჭიროებენ არანაირ ჩარევას.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თვლით, რომ შესაძლოა თქვენს ბავშვს აქვს ჩუტყვავილა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წინასწარ დაუკავშირდით ექიმს და გააფრთხილეთ თქვენი ვარაუდის შესახებ.
დაუკავშირდით პედიატრს ასევე, თუ ბავშვს აღენიშნება:
გამონაყარი ერთ ან ორივე თვალში. გამონაყარი არის ძალიან წითელი, მხურვალე და შეშუპებული არეებით (ეს ნიშნები მიუთითებს მეორად ბაქტერიულ ინფექციაზე).
გამონაყარს თან ახლავს ძლიერი გაღიზიანება, ცნობიერების შეცვლის ნიშნები, სუნთქვის აჩქარება, კანკალი, კუთების სისუსტე, ხველის გახშირება, ღებინება, კისრის კუნთების დაჭიმულობა, და ცხელება 38.9 (102 F) და მეტი.
ბავშვს აქვს რაიმე თანმხლები დიაგნოზი, ან არის 6 თვემდე ასაკის.
ჩუტყვავილის დიაგნოზი ისმება ანამნეზის და გამონაყარის ხასიათის მიხედვით. იშვიათად, საეჭვო შემთხვევაში საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება ქავილის შესამსუბუქებლად.
ქავილის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ ქავილის საწინააღმდეგო ლოსიონი. შესაძლოა, გამოიყენოთ ანტიჰისტამინური მედიკამენტი დასალევად ანოტაციის მიხედვით
ამჟამად ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საქართველოს სახელმწიფო აცრების კალენდარში არ შედის, მისი გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ფასიანი ვაქცინის სახით, მშობლის სურვილის შემთხვევაში.
რა გავაკეთოთ სახლის პირობებში გართულებების თავიდან ასაცილებლად?
დააჭერით ბავშვს ფრჩხილები შეძლებისდაგვარად მოკლედ, რათა თავიდან ავიცილოთ ქავილის დროს კანის დაზიანება და მეორადი ინფექცია.
უმჯობესია გამოვიყენოთ თხიერი და ნახევრად თხიერი საკვები, რათა მაგარი, უხეში საკვებით პირის ღრუში არსებული ბუშტუკების დაზიანება ავიცილოთ თავიდან.
ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია ანტიჰისტამინის გამოყენება ქავილის შესამსუბუქებლად. არ გამოიყენოთ ბრილიანტის მწვანე,
ხოლო ცხელების დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ პარაცეტამოლი (არ გამოიყენოთ ბავშვებში სიცხის დამწევად ასპირინი).
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ ცხელება გრძელდება 4 დღეზე დიდხანს და აღემატება 38.9 ºC