ბედნიერების „რუკა“ - აი, რას ამბობენ თქვენზე ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები

ხელისუგულზე აღბეჭდილი ხაზები

ადამიანების დიდ ნაწილს ოდითგანვე სჯეროდა, რომ ხელისგულზე არსებული ხაზების მიხედვით, ბედისა და იღბლის წინასწარ განსაზღვრა იყო შესაძლებელი.

მაშ ასე, შეაერთეთ ხელისგულები და გულდასმით დააკვირდით მას.

მოდით, თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს ხაზები:

1. სიცოცხლის ორმაგი ხაზი მიუთითებს კეთილდღეობასა და მატერიალურ დოვლათზე მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა ზეციურ ძალთა მიერ თქვენთვის გათვალისწინებული დოვლათის მისაღებად საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად და შემოქმედებითად გამოიყენოთ თქვენი გონებრივი და ფიზიკური მონაცემები – წყალმა რომ იდინოს, კალაპოტი სჭირდება.

2. ბედის სწორი ხაზი მიუთითებს აბსოლუტურ ბედნიერებაზე, თუმცა მოგიწევთ, ეს ბედნიერება შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ გაფლანგოთ. გახსოვდეთ, რომ რაც კარგი გეძლევათ ცხოვრებაში, იმ ყველაფრის სანაცვლოდ თქვენი გულიდან სიკეთე, სითბო და სიყვარული უნდა გაიღოთ. ეცადეთ, რომ დღესაც და მომავალშიც თქვენ გარშემო მხოლოდ მეგობრები იყვნენ და ყვავილებით მოჩითული მინდვრებითა და ბაღებით იყოთ გარშემორტყმული და არა – მტრებით და „ნაომარი“ ტერიტორიებით.

3. გულის ხაზის თავსა და ბოლოში არსებული განტოტებები მიუთითებს იმაზე, რომ სიყვარულისა და სიკეთის გაცემაში ზღვარი არ იცით. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გარშემომყოფ ადამიანებთან ლაღი, სასიამოვნო ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ზოგიერთს თქვენს ამ თვისებას საკუთარი ანგარებიანი მიზნების მისაღწევად ნუ გამოაყენებინებთ, რადგან ეს კარგს არაფერს გიქადით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში ყველაზე კარგი ზომიერებაა!

4. საჩვენებელი თითის ბოლოში არსებული ჯვარი იმას მოწმობს, რომ აუცილებლად გეყოლებათ მეგობარი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ მრავალი მეგობარი მუდამ შეინარჩუნებს თქვენ მიმართ ერთგულებას – არა, მხოლოდ ერთი მათგანი გახდება თქვენი ჭეშმარიტი მეგობარი. როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი რამდენიმე ათეულ, შესაძლოა ასეულ ადამიანს შორის? ცხოვრება ამას თვითონ გიჩვენებთ. შეიძლება ასეთ მეგობარს საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში ან სამსახურში შეხვდეთ. ასეა თუ ისე, არ ინერვიულოთ: ის თვითონ მოგძებნით და ეს მეგობარი შეიძლება თქვენი მეორე ნახევარიც იყოს.

5. საჩვენებელ და ნეკა თითებს შორის არსებული ვენერას რკალი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი ამოუწურავია და ის დაბადებიდან ბუნებისგან გაქვთ ბოძებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ენერგია თქვენი საქმიანობის ბევრი მიმართულებით არაერთი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ, ხოლო ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა გარშემო ბევრი ადამიანი ხელებს ჩამოუშვებს, თქვენ მათ ერთადერთი ნამდვილი მიზნისკენ გაუძღვებით!

6. „ჩანგალი“ გონების ხაზზე, რომელიც ხელისგულის კიდემდე მიდის, იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ნამდვილი გენიოსი ხართ. მთავარია, მეგობრები არ დაკარგოთ – ძალიან ხშირად ბევრი გენიოსი მარტოსულია, რადგან სხვებზე შორს იხედება, დანარჩენ ადამიანებს წინ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს და მას სხვაგვარად ცხოვრება, უბრალოდ, არ ძალუძს. ამაშია ერთდროულად მისი ბედნიერებაც და უიღბლობაც.

7. თუ აპოლონის (მზის) ხაზი აპოლონის ბორცვისკენ ვერტიკალურად მიემართება და სიცოცხლის ხაზს ახლოს ჩაუვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში პოპულარობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ. თუნდაც ბუნებით ზარმაცი იყოთ, სახელი და დიდება მაინც ნებისმიერ სიტუაციაში მოგაგნებთ.

8. თუ ვენერას რკალი მერკურის ბორცვთანაა შეერთებული, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბუნებამ ბევრ საქმესა და სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი გამჭრიახობით დაგაჯილდოვათ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ადამიანი, მთავარია, ამ გამჭრიახობამ ხელი არ შეგიშალოთ. მაგალითად, უგუნურ ადამიანს ნურასდროს ეტყვით, ვინ არის ის სინამდვილეში, წინააღდეგ შემთხვევაში, მისი სახით მოსისხლე მტერს შეიძენთ, რომელიც მუდმივად ეცდება, ნორმალური ცხოვრების გასაქანი არ მოგცეთ. წყარო