1735251416
"ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას?" - წმინდა მამები მოზარდების ლოცვაზე
დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:
„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.
მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?
აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა:
„ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.
ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი - ვარვარა, მეორე - ჩამქრალი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ ცხელზე ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი.
მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია.
ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ - ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპერწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.
ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:
„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - და მეტანიას აღასრულებთ;
შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.
შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.
***
წმ. ამბროსი ოპტინელი: „აუცილებელია იზრუნოთ, რომ ბავშვებმა შეითვისონ პირჯვრის ხშირად გამოსახვის ჩვეულება, განსაკუთრებით – საჭმელ-სასმელის მიღების წინ, ძილად მისვლისას და ლოგინიდან ადგომისას, გამგზავრებისას, სადმე შესვლისას და გამოსვლისას, და რომ ბავშვებმა პირჯვარი გამოისახონ არა დაუდევრად ან მოდურად, არამედ ზუსტად, შუბლიდან მკერდამდე და ორივე მხარზე, ისე რომ ჯვარი სწორად გამოისახოს.“