არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში და როგორია მისი მოვლის წესები - ექიმების რეკომენდაციები

ყურის გახვრეტა

არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში, რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა და როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ გახვრეტილ ყურს, ექიმები "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ნამდვილ ექიმებში" რეკომენდაციებს გასცემენ.

რომელი მეთოდით სჯობს ყურის გახვრეტა - ტრადიციული მეთოდით, ნემსით, თუ თოფით?

"თოფი სწრაფი პროცესია, თუმცა, თოფის ხმამ, რომელიც უშუალოდ ყურთან ისმის, შეიძლება დააფრთხოს ბავშვი. თუმცა, თოფით გახვრეტა ნაკლებ ტკივილთან არის დაკავებული. თოფით ხრტილოვანი ნაწილის გახვრეტა არ შეიძლება. ნემსის შემთხვევაში, უფრო ნატიფი და ზუსტი მეთოდია. როგორც წესი, პროცედურა წამიერია და არ საჭიროებს ანესთეზიას. თუმცა, პროცედურის შემდეგ, შესაძლოა იყოს მცირე სისხლდენა და ტკივილი, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს."

არის შემთხვევები, როდესაც ყურის გახვრეტა რეკომენდებული არ არის?

"შეიძლება არ იყოს რეკომენდებული დიაბეტიან პაციენტებში ან როდესაც არის ჰემოფილია, ვისაც სისხლდენის საშიშროება აქვს, გულის დაავადებების, ასევე კანის ანთებითი პროცესების დროს."

რა ასაკშია უმჯობესი, რომ ბავშვმა ყური გაიხვრიტოს?

"ყურის გახვრეტასთან არ არის დაკავშირებული რაიმე ჯანმრთელობასთან ასოცირებული პრობლემები და რისკები. კატეგორიული ასაკი არ არის, როდესაც იკრძალება ყურის გახვრეტა. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია მშობლებს ურჩევს, რომ დაიცადონ, სანამ ბავშვი იმ ასაკის არ გახდება, სანამ მას თავად არ შეეძლება ახალ გახვრეტილი ყურის მოვლა."

როგორი საყურის მორგებაა უმჯობესი თავდაპირველად?

"საყურესთან დაკავშირებითაც არის რეკომენდაციები. თავდაპირველად, ის უნდა იყოს წვრილი და არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. უმჯობესია წერტილოვანი საყურე, იმისათვის რომ ტანსაცმელს არ გამოედოს. უნდა შევარჩიოთ ტიტანიუმის ან ოქროს საყურეები."

ენიჭება თუ არა დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ გარემოში ტარდება ყურის გახვრეტის პროცედურა?

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გახვრეტის პროცესს. პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება გარემოს, სადაც ყურის გახვრეტა მოხდება. ის აუცილებლად უნდა იყოს სტერილური, იყოს კარგი განათება, სპეციალისტს აუცილებლად უნდა ეცვას ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები. სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყურის ბიბილოზე არსებობს 15 წერტილი, სადაც შეიძლება ყურის გახვრეტა. ასევე, უნდა მოხდეს ყურის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით და შემდგომ მოხდეს ყურის გახვრეტა."

როგორ მოვუაროთ გახვრეტილ ყურს?

"ყურის სხვადასხვა ადგილზე გახვრეტას სხვადასხვა მოვლის წესები აქვს. ყურის ბიბილოს მოსაშუშებლად 8 კვირამდეა დრო. ხრტილი კი სხვა ადგილია და მის მოვლას 4-12 თვე შეიძლება დასჭირდეს."

ახალ გახვრეტილი ყურის მოვლასთან დაკავშირებით, ექიმები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ:

"მოვლასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას მოგცემთ. დღეში ორჯერ მაინც უნდა დამუშავდეს გახვრეტილი ყური ალკოჰოლით ან ნებისმიერი სხვა ანტისეპტიკით. არ უნდა აწვალოთ საყურე ხელით, რადგან მექანიკურმა ზეწოლამ შესაძლოა მცირე სისხლდენა გამოიწვიოს, ან მიკრო ტრავმა გახვრეტილ ზონაში და შესაძლოა ჭრილობის ბაქტერიული ან მეორადი ინფიცირება მოხდეს. ამ დროს, არ არის რეკომენდებული საცურაო აუზზე სიარული ან ნებისმიერ იმ გარემოში ყოფნა, რომელიც მიკრობებით არის სავსე. ასევე, აბაზანაში ჩაწოლაც არ არის რეკომენდებული. საყურე არ უნდა მოვიხსნათ მანამ, სანამ ჭრილობა სრულიად არ იქნება შეხორცებული. თუ მაინც განვითარდა ინფექცია და არის ტკივილი, ამ დროს უნდა მიმართოთ ექიმს."

წყარო: