ადამიანებში მწვავე ინფექციების შემთხვევები იზრდება - რა საფრთხეზე საუბრობენ ექიმები

ინფექცია

პარაზიტოლოგიის ცენტრის ლაბორანტი ადამიანებში მწვავე ინფექციის - ტოქსოპლაზმოზისა და ტოქსოკარაზის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს.

ეს არის ტოქსოკარას პარაზიტები, რომელიც ძირითადად კატებსა და ძაღლებში ვრცელდება, თუმცა ბოლო პერიოდში ადამიანების ინფიცირების მიზეზი გახდა.

ტოქსოპლაზმას პირველ წყარო კი მხოლოდ კატაა, ეს პარაზიტი ერთუჯრედიანი და თვალით უხილავია, მისი აღმოჩენა ლაბორატორიას მხოლოდ სეროლოგიურად ანუ სისხლის კვლევით შეუძლია.

ადამიანის ორგანიზმში პარაზიტები შეიძლება მოხვდეს არა მხოლოდ ცხოველთან უშუალო კონტაქტით, არამედ ცხოველის ფეკალიების ბუნებაში გაბნევის გზით.

მაგალითად მაშინ, როდესაც ბავშვი თამაშობს სივრცეში, სადაც ხვდებიან ინფიცირებული ცხოველები ან შეიძლება ცხოველმა ექსკრემენტებით დააინფიციროს ნიადაგი ბოსტანში და ამ ბოსტნიდან პროდუქტმა გადაიტანოს პარაზიტი ადამიანში. ანალოგიურად შეიძლება დაინფიცირდეს ღორი ან საქონელი და მათი თერმულად დაუმუშავებელი ხორცი გახდეს ინვაზიის წყარო.

ამგვარად პარაზიტებს გზა ოთხფეხა მეგობრიდან ადამიანამდე ბევრი აქვთ, ადამიანი კი მათი ბოლო მასპინძელია, ანუ ეს დაავადებები ადამიანიდან ადამიანზე აღარ გადადის.

მოწყვლადი ჯგუფები განსაკუთრებით ორსულები და ბავშვები არიან.

მიუხედავად პარაზიტული ინფექციების გავრცელების საფრთხისა, პედიატრები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ ბავშვის ცხოველთან ურთიერთობა სასარგებლოა მისი პიროვნული განვითარებისთვის, თუმცა მშობლებს აფრთხილებენ გაამკაცრონ როგორც ცხოველის მოვლის ისე ბავშვის ჰიგიენის პირობები.

პირადი ჰიგიენის გარდა, მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, ხორცის შემთხვევაში კი, მისი მაღალ ტემპერატურაზე მომზადება. მაგრამ მანამდე ყველაზე აუცილებელი და პირველადი პრევენცია პირველი მასპინძლების ანუ ცხოველების ჯანმრთელობაა.

ამ პრობლემების თავიდან არიდების პასუხისმგებლობა ცხოველების მფლობელებს აქვთ.

პარაზიტული ინფექციები, ტოქსოპლაზმოზი და ტოქსოკარაოზი ვერაგი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა, თუ ადამიანი სწორად უპატრონებს ცხოველს და მიჰყვება სპეციალისტების რჩევებს, ოთხფეხა მეგობრებთან თანაცხოვრება უსაფრთხოა.