„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
ამ თემაზე უნდა ისაუბროს ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც შეიძლება გაახმოვანოს ევროკავშირის ან ევროსაბჭოს პოზიცია მაგრამ გერმანიის ელჩს სჩვევია, რომ ის თავის უფლებამოსილებას სცდება და ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერები დიდი ალბათობით დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების ფაილი დახურულია.
მისი თქმით, ამ საკითხებზე საუბარი არ შედის გერმანიის ელჩის კომპეტენციაში.
„ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვმიჯნავთ ხოლმე ევროკავშირს, ევროსაბჭოს ევრობიუროკრატებისგან, ერთეულებისგან, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ბევრჯერ ყოფილა, რომ ერთი და იგივე დღეს გამოქვეყნებულა კვლევა, სადაც საქართველო არის მე-5, მე-7 და მე-10 ადგილას, ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის ათეულში შედის და იგივე მიმართულებით იმ დღესვე მოგვისმენია, რომელიმე ევრობიუროკრატის კრიტიკა საქართველოს მიმართ იგივე თემაზე.
არც ის არ გვიკვირს, როდესაც გერმანიის ელჩი სცდება თავის უფლებამოსილებებს. არაერთხელ შევახსენეთ მას ვენის კონვენცია, რომელსაც უხეშად არღვევს ყოველი მისი ინტერვიუ იქნება თუ სადმე გამოჩენა. მას თავის მართლება მოუწია, რომ თითქოს ის არანაირად პოლიტიკაში არ ერევა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, როდესაც ის საუბრობს ასეთ თემებზე, მის უფლებამოსილებას ეს ყველაფერი ცდება. ერთადერთი შეიძლება ამ თემაზე ისაუბროს ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც შეიძლება გაახმოვანოს ევროკავშირის ან ევროსაბჭოს პოზიცია მაგრამ გერმანიის ელჩს სჩვევია, რომ ის თავის უფლებამოსილებას სცდება და ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, რომელიც პირდაპირ განისაზღვრება, როგორც ჩვენ შიდა პოლიტიკაში ჩარევა.
ჩვენ რა თქმა უნდა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დავიჯეროთ ეს ყველაფერი. ფაქტი და რეალობა გვაჩვენებს რა იქნება და როგორ იქნება - დეკემბერიც აგერ არის უკვე ორ დღეში და შევხედავთ რა გადაწყვეტილებები იქნება ევროკავშირიდან“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.