ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო, ბოიკოტის გამოცხადებით, აფერხებს მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებას - მამუკა წოწერია

მამუკა წოწერია

ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ოპოზიციური საკრებულო მიზანმიმართულად აფერხებს,- ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

მისივე თქმით,  მერია, საკრებულოს ბოიკოტის გამო, ვერ ახერხებს მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილი ნაშთის  5 368 300 ლარის 2025 წლის ბიუჯეტში ასახვას. იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხა ასახული არ არის, მერია მთელ რიგ პროექტებს ვერ ახორციელებს.

მამუკა წოწერია ამბობს, რომ ნაშთის დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და შესაბამისად, ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. აღნიშნული გარემოების გამო პარალიზებულია მერიის სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც მერიის სრულფასოვან მუშაობას აფერხებს. 


საკრებულოს წევრების ქმედებას ზუგდიდის მერი მიზანმიმართულ ხელშეშლად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ამით ზუგდიდის მოსახლეობას აზარალებს.

„უკვე კვირაზე მეტია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, კვორუმის არარსებობის გამო არ ახდენს 2024 წლიდან გარდამავალი ნაშთების 2025 წლის ბიუჯეტში დამტკიცებას, რაც იწვევს სახაზინო საქმიანობის შეფერხებას, ყველა ტრანზაქცია შეჩერებულია, შესაბამისად მერიის კონტრაქტორებთან აღებული ვალდებულებების გასტუმრება ვერ ხერხდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საუბარია ასევე სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო და შემსრულებლებთან ანაზღაურება ვერ ირიცხება. ვერ მოხერხდება ვერც კომუნალური გადასახდელების გადახდა,“- აცხადებს ზუგდიდის მერი. 

მამუკა წოწერია ოპოზიციას მოუწოდებს, შეწყვიტონ ბოიკოტი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.

 „ერთი შეკითხვა მაქვს საკრებულოს მიმართ, რომლის უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ - ვის უცხადებენ ბოიკოტს, საკუთარ თავს თუ მოსახლეობას? ალბათ, უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ის ტექნიკური პროცედურა, რომელიც მათი უფლებამოსილებაა, განახორციელონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დეტალური განმარტება გააკეთა. ასევე, გავლილია საკრებულოს შესაბამისი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასვლას. შესაბამისად, იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით და მიიღონ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნეს დაცული“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ერთადერთი პარტია, რომელიც საკრებულოს სხდომებზე ცხადდება, „ქართული ოცნებაა“. საკრებულოს სხდომებზე გახარიას პარტია ნაწილობრივ არის წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრები სხდომებს არ ესწრებიან. ზუგდიდის საკრებულოში ყველა თანამდებობა სწორედ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული.