ზეწოლით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების ახალი თარიღი - გიორგი გახარია

გახარია

თითოეული ქართველის ვალია, ბოლომდე ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, ვაიძულოთ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და პარტნიორების ზეწოლით, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების ახალი თარიღი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები დაიღალნენ, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე წყდება პოლიტიკური ხელისუფლების საკითხები, მათ უნდათ ეს არჩევნებით გააკეთონ.

„არჩევნების წინ ხომ ამბობდნენ, ევროპაში ღირსებით მიგიყვანთო, ცალი ფეხით კი არა, ორი ფეხით უნდა მიგიყვანოთო. ახლა გამოვიდნენ და თქვეს, ოთხი წელი დაელოდეთო, ევროპაში აღარ მივდივართო და ოთხი წლის შემდეგ უფრო სწრაფად მიგიყვანთო. სისულელეები! გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, რომ როდესაც ასეთ კოლექტიურ ღალატს ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე.

უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება, გამოხვიდე და ამ ხალხს ბოდიში მოუხადო და უთხრა, რომ შეგეშალა. არ შეიძლება, გადააყოლო ქვეყანა, შენი შვილების, ქვეყნის მომავალი, ნორმალური დემოკრატიული განვითარება და დააპირისპირო ერთმანეთს ქართველები.

თითოეული ქართველის ვალია, ბოლომდე ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, ვაიძულოთ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და პარტნიორების ზეწოლით, იძულებული გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.