ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი უნგრეთში. სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს ეკლესიისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, მიკლოშ შოლტისს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ მიკლოშ შოლტისს გააცნო საქართველოს რელიგიური შემადგენლობა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ხაზი გაუსვა საქართველო- უნგრეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში რელიგიების ფინანსური დახმარების, მათ შორის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების შესახებ. ამასთან, აღნიშნა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს როლი და რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა.

ზაზა ვაშაყმაძემ ასევე, დააყენა საკითხი ქართული დიასპორისთვის და ქართველი მრევლისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შენობა-ნაგებობის გადაცემის თაობაზე.
მასპინძლების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ.
ზაზა ვაშაყმაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი საქართველოში დაპატიჟა. 
შეხვედრის დასასრულს, რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ მიკლოშ შოლტისს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“.

მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი, ელჩის პირველი მდივანი თამარ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.