„ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა, შენს გიოს...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
1756237729
22 წლის ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ უარი თქვა ადვოკატის შეთავაზებაზე, აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე და ქალი მომდევნო ორი თვით, წინასასამართლო სხდომამდე, პატიმრობაში გაუშვა.
- ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე? - დაუძახა დარბაზში მჯდომ დედას ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა, სანამ ბადრაგები ხელბორკილებს დაადებდნენ და სხდომათა დარბაზიდან გაიყვანდნენ.
თეკლა გერსამია ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს.
25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მისმა ადვოკატმა, ნინო გიგაურმა თქვა: „...ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანმა დანა თავად დაირტყა“.
ახალგაზრდა კაცის სიკვდილის დეტალებზე არ უსაუბრია არც საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა 22 წლის ქმარი:
„ბრალდებული არ უარყოფს, ვერც უარყოფს, რომ როდესაც სასწრაფო მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დანა, რომლითაც მოხდა ახალგაზრდა კაცის დაზიანება, აიტანა საცხოვრებელ სახლში, ჩააგდო სამზარეულოს ნიჟარაში და გარეცხა. შეეცადა და განახორციელა მამხილებელი ინფორმაციის განადგურება“, - თქვა პროკურორმა.
ამ ფაქტს ადვოკატმა აფექტური საქციელი უწოდა:
„ეს იყო აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. შემთხვევა მეოთხე სართულზე მოხდა, ესენი მეექვსე სართულზე ცხოვრობენ, ბავშვი სახლში ჰყავდა დატოვებული, როდესაც სახლში აბრუნდა, დანა ინსტინქტურად ჩააგდო ონკანში, მას არ ჰქონდა გააზრებული, ვერ იაზრებდა, რომ ამის გამო ის შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ. შემდეგ აიყვანა ბავშვი და წაჰყვა სასწრაფოს. ამ ადამიანმა ვერც განსაზღვრა, რას აკეთებდა. ის არ არის იურისტი, ამას ვერ განსაზღვრავდა“, - თქვა ნინო გიგაურმა.
მოსამართლემ კი ბრალდებულს მიმართა:
„ახსნა იყო ასეთი, აფექტური მდგომარეობაო. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი თვითმკვლელობას სჩადის და ამას შენ უყურებ და აფექტში ვარდები, ძალიან მიჭირს წარმოდგენა, რომ იზრუნო არა იმაზე... გასაგებია, რომ თქვენ სასწრაფო დახმარებას მიმართეთ...მაგრამ ეს დანა რატომ ადის სახლში, რატომ ირეცხება? გავიგე, რომ იყო აფექტური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“.
თეკლა გერსამიამ მოსამართლეს უპასუხა:
„ეს ფაქტი რომ მოხდა, მე ვაკეთებდი საჭმელს, წყალი მოშვებული იყო. დანა არ არის გარეცხილი, უბრალოდ ჩაგდებულია [ნიჟარაში], ონკანი იყო მოშვებული. როდესაც ლუკა ჩაიყვანეს და მე უკან ამოვბრუნდი, რომ ბავშვი ჩამეყვანა, დანა, რომელიც ისევ იქ ეგდო, ავიღე, პირდაპირ ონკანში ჩავაგდე, ავიყვანე ბავშვი და გავყევი ლუკას სასწრაფოსთან ერთად“, - ამბობს თეკლა გერსამია.