ზაზა შათირიშვილი: დაფარული აღარ არის, რომ არც ბაჩიაშვილი, არც რომელიმე რეჟისორი, მსახიობი, ბიზნესმენი, მოცეკვავე, ყველა, ვინც ქვეყანას ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებისკენ ექაჩება, ერთი მთავარი პატრონის დავალებებს ასრულებენ

ზაზა შათირიშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი - უცხო ქვეყნის ჯაშუშის კლასიკური მაგალითი. ეს პიროვნება ჯერ ბიძინა ივანიშვილთან ჩანერგეს, შემდეგ კი, როდესაც დასჭირდათ, პატრონებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. თუმცა აქ პერსონალურ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ბაჩიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს და ამის მტკიცებულება მან თავადვე დადო, როდესაც რამდენიმე საათის წინ აღიარა, რომ დიახ - აქციებს მე ვაფინანსებო! - ნათქვამია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შათირიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ, ისევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები, რის შემდეგაც, საზოგადოება ფსევდოლიბერალური ბულინგისგანაც გათავისუფლდება.

„დაფარული აღარ არის, რომ არც ბაჩიაშვილი, არც რომელიმე რეჟისორი, მსახიობი, ბიზნესმენი, მოცეკვავე... უკლებლივ ყველა, ვინც საზოგადოების წევრის სტატუსით სარგებლობს და ქვეყანას ქაოსის, არეულობის და რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებისკენ ექაჩება, ერთი მთავარი პატრონის, თუნდაც ასე ითქვას - გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, როგორც უნდა გასამართლდნენ პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, სწორედ ასევე უნდა გასამართლდნენ ეგრეთწოდებული „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით. პროცესს, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაქსიმუმ 1 წელიწადი დასჭირდეს, ამის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გზა და ასპარეზი გაეხსნებათ, ხოლო ჯაშუშების მარწუხებისგან, ფსევდოლიბერალური ბულინგისგან გათავისუფლებული საზოგადოება თავად შექმნის ისეთ სამოქალაქო საწყისებს, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესების ადგილი აღარ იქნება“, - აღნიშნულია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.