ყველას აქვს თავის შეხედულება და უფლება შეიკრიბოს, ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, განსხვავებული მოსაზრებები ჩაეხშოთ, დღეს ქვეყანაში გვაქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება - კახა კალაძე

კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" .

მისი თქმით, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი, რაც დემოკრატიული წინსვლის ნანიშნია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსხვავებული აზრის მიჩქმალვას წარსულში "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა.

"ყველას აქვს თავის შეხედულება, უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული მოსაზრებები ჩაეხშოთ და შეეზღუდათ. დღეს ქვეყანაში გვაქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დემოკრატიულად ქვეყანა ვითარდება, გვაქვს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ამ ყველაფერს ვერავინ შეაჩერებს, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ქვეყანაში გვქონდეს იგივე მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება. ეს არ მოხდება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე და მოხდება ეკონომიკური განვითარება და წინსვლა", - განაცხადა კახა კალაძემ.