1732386875
ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნული ქმედებებია - დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანით - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში ჩაესვათ.
„ეს ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის კონტეინერით საქართველოში შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს ამ ადამიანებს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩაესვათ ციხეში. ამ დღეებიდან მოყოლებული, ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ არსებული ადამიანები - ეს შეიძლება იყვნენ მისი ოჯახის ან პარტიის წევრები. ამ ყველაფრის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში ულმობლად ეპყრობიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება, ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.
„ჯერ ერთი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაში იმყოფება. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებისგან, იმყოფება კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.