ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მუშაობს გამართულად, დღეს დავამტკიცებთ მთავრობასაც, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო უსამშობლოები ყოველთვის ასეთ მოცემულობაში იქნებიან - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მოხდება არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა და სწორედ ამის შემდეგ მიეცემათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება, დაწერონ განცხადებები მანდატებზე უართან დაკავშირებით.

ზარქუას განმარტებით, ოპოზიციის განცხადებებს აქამდე იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა.

ამასთან, ირაკლი ზარქუამ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მიმართა, ოპოზიციის ტყუილებს ნუ აყვებიან.

„კონსტიტუციის მიხედვით როგორც არის განსაზღვრული, ცესკო-ს მიერ ოფიციალური, საბოლოო ოქმების გამოცხადების შემდეგ, 25 ნოემბერს ჩაინიშნა სხდომა, სადაც პარლამენტის უმრავლესობა ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას. უსამშობლოებს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ის ახალგაზრდები, ვისაც იყენებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მივმართავ – დღეს უფლებამოსილებას ვცნობთ. ამის შემდეგ იმ უსამშობლოებს, ვისაც არ უნდათ, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში, მიეცემათ შესაძლებლობა, დაწერონ განცხადება.

დღეიდან უკვე აქვთ უფლებამოსილება, დაწერონ განცხადება, ჩვენ დავაკმაყოფილებთ. აქამდე რაც ჰქონდათ დაწერილი, არის სიცრუე. არ ჰქონდათ მანდატი, განცხადება დაეწერათ. მოტყუებულ ხალხს დაატარებენ ზემოთ და ქვემოთ. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს 2020 წელს. პუფები იყვნენ, შემოვიდნენ, დარჩნენ პუფებად. ახლა იმავე სცენარს გადიან. მინდა, ახალგაზრდებს და იმ ხალხს, ვისაც ატყუებენ, ვუთხრა, მიბრძანდით სახლში, ნუ აყვებით ამათ. დღეს ყველა უწყება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მუშაობს გამართულად. დღეს დავამტკიცებთ მთავრობასაც, შესაბამისად, ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო უსამშობლოები იქნებიან ყოველთვის ასეთ მოცემულობაში.

კიდევ ერთხელ მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა – მეგობრებო, გატყუებენ. აქვთ მცდელობები, უკვე საელჩოებთან მუშაობენ ეს უსამშობლოები, რომ რამენაირად „გაიპრავონ“პარლამენტში შემოსვლა. გეტყვით ორ სცენარს, რასაც ისინი აკეთებენ. პირველი – ბორელის ინიციატივას ელოდებიან. ორი ადამიანი ჩამოვა დეკემბერში, შესაბამისად, შეისწავლიან. ჩვენც გვექნება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები. დარწმუნდებიან, ჩავლენ და იტყვიან, რომ კი, შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ არჩევნები შედგა, ჩატარდა და შესაბამისად, უფლებამოსილება აქვს ამ პარლამენტს. ამ დასკვნას დადებენ. ჩვენ თემებში რატომ ერევიან, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე გეუბნებით მაინც, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ერთი. უსამშობლოების ნაწილი გამოვა და იტყვის, აბა რა უნდა ვქნათ, ევროპამ აღიარა და ჩვენც უნდა შევიდეთ. მეორე ვარიანტი აქვთ, რომ ჩვენი მეგობარი საელჩოების წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, იცით რა, აზრი არ აქვს თქვენს ახლა ზემოთ და ქვემოთ ხეტიალს, დაფინანსებაც არ გექნებათ და შესაბამისად, შედით პარლამენტში. გამოვლენ მორიგი პუფები და იტყვიან, აბა, რა უნდა ვქნათ. ხალხს დააბრალებენ, თქვენ არ გამოდიხართ და ჩვენ რა ვქნათო. კიდევ ერთხელ გეუბნებით – ესენი არიან უთავმოყვარეო, უპრინციპო, უსამშობლოები. ამიტომ შეეშვით, ნუ დაყვებით ამათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.