1734978582
ყველა პროცესი დევს ხელისგულზე, თავად მოიძიეთ ყველა ინფორმაცია, გააკეთეთ დასკვნები, ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა -კახა კალაძე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა განათავსა, სადაც აქციის მონაწილე იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც არ წარმოადგენენ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარება და ევროინტეგრაცია, ეს ის მთავარი დაპირებაა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისცა ამომრჩეველს და ამას, არა მხოლოდ საუბრით, არამედ საქმით ასრულებს.
„რაც შეეხება იმ ახალგაზრდების პროტესტს, რომლებიც რადიკალების მიერ მართული ტელევიზიების, არასამთავრობო სექტორის პროპაგანდის გამო აღმოჩდნენ საპროტესტო აქციებზე. მე, არ ვსაუბრობ კონკრეტული პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო სექტორზე, ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრებზე, არამედ მოქალაქეებზე. მინდა, მივმართო მათ: ყველა პროცესი დევს ხელისგულზე, დღეს არაფერი არ არის დაფარული და მიჩქმალული, თავად მოიძიეთ ყველა ინფორმაცია, თავად გააკეთეთ დასკვნები, ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა და თქვენი მომავლის ხელში ჩაგდებაა, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას მათი ინტერესების გასატარებლად,“-აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, ფაქტია, ის რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე არ იგეგმება, ხოლო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად იქცა.
„მეგობრებო, დავსვათ კითხვა რას ვაპროტესტებთ? მოდი, მივყვეთ ფაქტებს: შარშან, ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს შანტაჟის ინსტრუმენტად. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო, რა თქმა უნდა, იმსახურებს წინსვლას და თუნდაც, მოლაპარაკებების გახსნას.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემასთან დაკავშირებით. მაშინაც, მთელი ერთი წლის განმავლობაში, გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით და საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპულ მომავალს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ჰქონდათ მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, პოლარიზაციის გაღრმავება, ხალხის დაპირისპირება, მაგრამ არ გამოუვიდათ - კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში. იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს მიხვდა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა.
ახლაც იგივე ხდება - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით. მაშინ, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს და მისცეს იმ ქვეყნებს, ვისთან მიმართებაშიც გაცილებით წინ ვიყავით ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით, განხორციელებული რეფორმებით. მოლდოვა რომ ავიღოთ, აღარ დავიწყებ იმის განხილვას, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში - არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მე მგონი ნახევარმა, უთხრა არა ევროპულ მომავალს. ქვეყანას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, მისცეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს უთხრეს - არა; გაუხსნეს მოლაპარაკებები, საქართველოს უთხრეს - არა; საქართველოს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა ევროპულ მომავალს და სურვილი აქვს ევროინტეგრაციის. რასთან გვაქვს მაშინ საქმე? რა ხდება? რატომ ხდება ამ ყველაფრით სპეკულირება და პროცესების ამ ვითარებაში გადაყვანა? ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, მოაწეროს ხელი მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზად ვართ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, შემდეგი ეტაპი განხორციელდეს, ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. თუ ამ მზაობის ევროპულ სტრუქტურებს არ სჯერა, დადონ მაშინ დოკუმენტი, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ მოლაპარაკებების გახსნაზე, რასაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. დადეთ დოკუმენტი, ნახეთ მოვაწერთ თუ არა ხელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.