1739198120
ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს - არჩილ გორდულაძე
![არჩილ გორდულაძე არჩილ გორდულაძე](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/11/111758/archil-gorduladze_w_h.jpeg)
კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის, მიმდინარე კვირაში უკვე შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც პერსონალური შემადგენლობა გაირკვა, ახლა უკვე დღის წესრიგში საორგანიზაციო საკითხები დადგა.
ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა.
ოპოზიციის სტატუსით არიან წარდგენილი "ხალხის ძალის" წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო "ევროპელი სოციალისტებიდან" - ილია ინჯია.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული. ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებისთვის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საგამოძიბო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი შედეგები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
"ნაციონალურ მოძრაობის" რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა ქვეყანაში 2003- 2012 წლებში სამართლებრივად თავის სახელი დაერქმევა. ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში იქნება სახელდებრივი ის მავნებლობა,მოღალატეობა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც უხვად იყო 2003-2012 წლებში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.