მზეზე, ყველაზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა — მეცნიერები შესაძლო შედეგებს იკვლევენ
1791569676
ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თენგიზ შარმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკადრო შეცდომაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე, ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წელს წარადგინა.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ყეინიშვილის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და შესაბამის სასჯელსაც მიიღებს.
"ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საერთოდ თვითონ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა. რა თქმა უნდა, ის ვერავინ ვერავითარ ნორმალურ ადამიანს თეორიულად ვერ შეარჩევდა. დანარჩენი პროკურატურას ვაცალოთ, თუ იმ ბრალს წაუყენებენ და ეს ბრალი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ის წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძველი ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებები გახდა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში , უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე.
გამოძიების მიხედვით ნანა ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას.
"ბიტექსჩეინჯის" განცხადებებს დართული აქვს აუდიოჩანაწერიც. ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. საკუთარ პროტეჟეზე ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ის ეროვნულ ბანკში მანკიერი პროცესის ლუსტრაციის გამოსავლენად დაასახელა.