„ყალბი ხმაური, რომელიც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო“ - მარიამ ლაშხი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებზე

მარიამ ლაშხი

„ყალბი ხმაური, რომელიც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო" - ასე უპასუხა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა მარიამ ლაშხმა.

ასევე, როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ოპოზიცია ემზადება არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის:

"ყალბი ხმაური, რომელიც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო. თუ მტკიცებულებებს მოიტანენ, მსგავსი ტიპის დარღვევებზე შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევა დასაბუთებულად იყო წარდგენილი უწყებათაშორის კომისიაში და ეს უკვე აისახოს ანგარიშებში. ამ უწყებათაშორის კომისიაში ისინი არ მონაწილეობენ და მას ბოიკოტს უცხადებენ. მსგავსი ტიპის მტკიცებულებების არქონის გამოა ის, რომ მათ არ მიაქვთ არც უწყებათაშორის კომისიებში, არც მათ ტელევიზიებში და არც სხვაგან. მათ ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს საარჩევნო კომისიის მიერ, ევროპული სტანდარტით დანერგილ მოქმედებათა ქცევის კოდექსს, რომელსაც ხელი არ მოაწერეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ მოსახლეობას იმას, რომ ისინი ემზადებიან არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის - 27 ოქტომბრისთვის, რომელიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც ეს მანამდე იყო,"- განაცხადა მარიამ ლაშხმა.