"ვსაუბრობთ UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც აუცილებლად დააკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გასამართი მატჩის მოთხოვნებს" - ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

"ჩვენ ვსაუბრობთ UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც ასევე აუცილებლად დააკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გასამართი მატჩის მოთხოვნებს" - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე "უეფასთან" მჭიდროდ თანამშრომლობს.

"ექსპერტთა დიდი ჯგუფია წარმოდგენილი, ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ევროპელი, ძალიან გამოცდილი შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებით. კომპანია დაგვეხმარება იმაში, რომ შესაბამისი კონცეფცია, შესაბამისი განვითარების ეტაპები დავგეგმოთ და შემდგომ უკვე განხორციელების პროცესშიც ჩვენი კონსულტანტი იყოს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უეფასთან. ჩვენ ვსაუბრობთ UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც ასევე აუცილებლად დააკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გასამართი მატჩის მოთხოვნებს," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე ულტრათანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სტადიონის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში არსებობდეს ულტრათანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც ფეხბურთში, ასევე რაგბში მივიღოთ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრებები, რაც ერთი-ორად გაზრდის სპორტში ჩართულთა რაოდენობას," - აცხადებს შალვა გოგოლაძე.