„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
თავისუფლებააღკვეთილ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დავიცვათ - ამის შესახებ, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ისეთ კამერებში, სადაც სხვადასხვა რისკის ადამიანები არიან, მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს.
ამასთან, პაატა სალიამ, სამომავლოდ პრობლემური სიტუაციების ადრეული ამოცნობის მექანიზმების დანერგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი იყო, თუ როგორ გაუმჯობესდეს საქართველოში პენიტენციური სისტემის მუშაობა:
"თავისუფლებააღკვეთილ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დავიცვათ, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა რისკის ადამიანები არიან და შესაბამისად, ეს სამეთვალყურეო კამერებიც განთავსებულია სწორედ ისეთ კამერებში, სადაც განთავსებული არიან სუიციდისადმი მიდრეკილი პატიმრები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნების მქონე პატიმრები და ა.შ. მათ მიმართ მეტი ყურადღება არის და ამიტომაც არის საკნები აღჭურვილი ვიდეოკამერებით. თუმცა, დერეფნებში და ყველგან არის ეს სამეთვალყურეო კამერა და შესაბამისად, მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჩვენ ამ კუთხითაც დაგეგმილი გვაქვს გარკვეული სამუშაოები, ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს ხელოვნური ინტელექტის აქტიური დანერგვა, რომელიც ადრეული შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს არის მოძველებული სისტემა, როდესაც ადამიანები სხედან და უბრალოდ ათვალიერებენ მონიტორზე სამეთვალყურეო კამერის მიერ გადმოცემულ მონაცემებს, რაც ადამიანურ შეცდომებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული - შესაძლოა, ვერ მოხდეს დროული რეაგირება და ა.შ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემაში დავნერგოთ პრობლემური სიტუაციების ადრეული ამოცნობის მექანიზმები. მსგავსი სისტემა დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში ინერგება და ჩვენც უცხოელ კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გვქონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი იყო თუ როგორ გავაუმჯობესოთ პენიტენციური სისტემის მუშაობა," - განაცხადა პაატა სალიამ.