ვმასპინძლობთ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებაში - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის პრეზიდენტი ეწვია. ვაჰაგნ ხაჩატურიანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

სომეხ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ათონელის სასახლის ეზოში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. სომხეთის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

"ვმასპინძლობთ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში და გაძლიერებაში. სომხეთი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის, განათლების სფეროში - ასეთი დონის ვიზიტები ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.