ვლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას - თუ ვინმე გავა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებიდან, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება

ვლადიმერ ბოჟაძე

რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ ქვეყანაში არეულობაზე, დამხობაზე, დესტაბილიზაციაზე, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ეს ემსახურება საარჩევნოდ ტემპერატურის აწევას, თუმცა სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას.

„ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ როგორმე აიწიოს ტემპერატურა 4 ოქტომბრისთვის, გაიზარდოს დაპირისპირება საზოგადოებაში და გაღრმავდეს პოლარიზაცია. თუ ვინმეს რამის გაპროტესტება უნდა, ეს ბუნებრივია მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და თუ ვინმე გავა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებიდან სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი კვირა რჩება. ოპოზიცია ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასა“ და იმ გაცხადებულ მიზანზე საუბრობს, რაც არჩევნებისთვის ხელის შეშლას და დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირდება.