ვლადიმერ ბოჟაძე - იმედს ვიტოვებთ, „მეგობარი აქტი“ კანონად არ იქცევა, რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით

ვლადიმერ ბოჟაძე

დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატი და პრეზიდენტი ტრამპი, „ნაციონალური მოძრაობის“ „მეგობარი აქტი“ და სურვილია, სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ, ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ერთი დღის სიხარულად შეიძლება, ჩაითვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, რომ საკუთარი საარჩევნო დაპირება შეასრულოს და „დიფ სთეთი“ დაამარცხოს.

„ლევან დავითაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. ამერიკასთან პოლიტიკის გადატვირთვის დღესაც ვართ მზად, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუმცა რაც გუშინ „მეგობარი აქტის“ სახით იყო მიღებული, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება, პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს. უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატი და პრეზიდენტი. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ „მეგობარი აქტი“ და სურვილია, სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ერთი დღის სიხარულად შეიძლება, ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია, იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ქართველი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ.

„ანაკლიის პორტთან მიმართებაში უზუსტობებს რაც შეეხება, რაღაც კორუფციულ გარიგებებს და ა.შ. უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონად არ იქცევა, რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ, კანონად არ იქცევა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.