ვისურვებდით, ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს რაღაც სათამაშოდ გამოყენებას - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. დღის წესრიგშია 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაზე. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

დღეს სტრასბურგში დაგეგმილ განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა - "სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ", - აცხადებს სპიკერი.

უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ისურვებდა, რომ თავი დაანებონ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს ჩაბმას.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში. ამიტომ, წესითა და რიგით, რის შეჩერებაზეა საუბარი, ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა ის დადგმები, რაც ამ ასამბლეაზე ჩვენ მოვისმინეთ დაახლოებით 3 თვის წინ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ამ პერიოდშიც ვადევნებდით თვალს განვითარებებს და ჩვენ ვხედავთ იგივე ძალების, პარტიების, ზოგჯერ იგივე სახელი-გვარების მიერ საქართველოზე გასალაშქრებლად სხვადასხვა ავანსცენის გამოყენებას, ამჯერად საუბარი გვაქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ტყუილი სულ რომ ათასმა უცხოელმა თქვას, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, ის მაინც იქნება ტყუილი და მანიპულაცია. ამიტომ, ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გამოყენებას, როგორც რაღაც სათამაშოდ" - აცხადებს ლევან მახაშვილი.