ვინც გადადგამს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯს, კანონის ფარგლებში ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი - კახა კალაძე "მშვიდობიანი დამხობის" ინიციატივაზე

კახა კალაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს ჟურნალისტებმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზეც ჰკითხეს, რომელიც ხელისუფლების "მშვიდობიან" დამხობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტურბულენციის მცდელობები იქნება, თუმცა სუს-ის ფუნქცია ამის თავიდან აცილებაა.

თემაზე შეფასება თბილისი მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა. კალაძის განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება და ეს ყველაფერი გარე ძალების მიერ არის დაფინანსებული.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმართება გარედან და სურვილი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა - სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციის მოწყობა დღესაც არსებობს, დღესაც აქვს სურვილი გარე ძალებს. ჩვენ იცით, რომ თანხები შემოდის გარედან, ყოველივე ეს - სიძულვილის გაღვივება, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა ფინანსდება გარედან. მაგრამ, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის არიან მოწოდების სიმაღლეზე. ვინც გადადგამს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბერს რევოლუციაზე საუბრობს. მორიგი განცხადება მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.