საშუალო თვიური ხელფასი 212 ლარით გაიზარდა ბიზნეს სექტორში და 2 317 ლარი შეადგინა - „საქსტატი“

ხელფასი

2025 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი — კაცი.

საშუალო ხელფასი 2317 ლარამდე გაიზარდა ბიზნეს სექტორში

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 36.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.

რაც შეეხება ხელფასს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 147.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;
მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი.