VIDEO: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა“ - სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს სამხარაძე ეხმიანება

მდინარაძისა და წითლიძის დაპირისპირება

პარლამენტის სასესიო დარბაზში პლენარული სხდომის შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპოზიციის მხრიდან „მოღალატის“ შეძახილმა გამოიწვია.

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა. მერამდენე შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს! ეს რაც გადაიღო და ამ ვიდეოში ჩანს, დანარჩენი ხომ წარმოგიდგენიათ. აი ასეთი ღირსეული და სიმართლის მთქმელი აღმასრულებელი მდივანი გვყავს!," - წერს სამხარაძე.