VIDEO: ორ წელიწად-ნახევარი, ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, მათ შორის ჩვენი ზოგიერთი უცხოელი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე, ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას - შალვა პაპუაშვილი

შალპა პაპუაშვილი

„ორ წელიწად-ნახევარი, ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ. მათ შორის ჩვენი, ზოგიერთი უცხოელი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე, ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას...“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე. პირდაპირ ამას ითხოვს ეს რეზოლუცია. ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიცია არის და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა. ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი ალბათ, ყველა შეხვედრა საგარეო ვიზიტებში სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი საქართველო აი რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატოს წევრი ხართ, ატომური ბომბები გაქვთ, ჩვენ ბომბები არც ატომური და არც არაატომური არ გვაქვს საერთოდ, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით - ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით - დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ თუ ჩამოიშალა? და არაფერზე გარანტიას, რა თქმა უნდა, არავინ არ გვაძლევდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.