1757870206
15 წლის ოუენ კუპერი ემის ისტორიაშია - მთავარი გამარჯვება Adolescence-მა მოიპოვა

კვირას ღამით ლოს-ანჯელესში, Peacock თეატრში, 77-ე ემი გაიმართა. ტელევიზიისთვის ეს წელი გამორჩეული აღმოჩნდა - ვარსკვლავებით სავსე საღამომ და მაღალმა კონკურენციამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული გახდა Netflix-ის სერიალი მოზარდობა (Adolescence), რომელმაც ექვსი ჯილდო მოიპოვა. შოუს ვარსკვლავმა, 15 წლის ოუენ კუპერი კი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც ემის ჯილდო მოიგო.
Apple TV+-ის სერიალმა The Studio ოთხი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალის სტატუსიც. ამასთან, შოუ გახდა ემის ისტორიაში ყველაზე დაჯილდოებული კომედია, მას შემდეგ რაც გასულ კვირას გამართულ Creative Arts Emmy-ზე ცხრა ჯილდო მოიპოვა.
HBO Max-ის სერიალმა The Pitt სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში, სადაც დაამარცხა ისეთი ძლიერი კონკურენტები, როგორიცაა The White Lotus დაSeverance. Severance-ის მსახიობი ტრამელ ტილმანი ასევე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრამატულ სერიალში ემის ჯილდო მოიპოვა.
საღამოს კომიკოსი ნეით ბარგეცი მასპინძლობდა, რომელმაც შოუს გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად ახალი იდეა შემოგვთავაზა - საქველმოქმედო ფონდში თანხის შეგროვება. მან თქვა, რომ Boys & Girls Club of America-ს 100 000 დოლარს გადასცემდა და თითოეული სიტყვისთვის, რომელიც 45-წამიანი ლიმიტის ქვემოთ ჩაეტეოდა, დამატებით 1 000 დოლარს ჩარიცხავდა, ხოლო გადაჭარბებული თითოეული წამისთვის 1 000 დოლარს დააკლებდა.
საბოლოოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მსახიობები მოკლე სიტყვით გამოსულიყვნენ, ამიტომ თავად ბარგეციმ განაცხადა, რომ ის პირადად გაიღებდა 250 000 დოლარს, მათ შორის 100 000 დოლარს CBS-ისგან, რათა საქველმოქმედო მიზანი შესრულებულიყო.