VIDEO: ხელისუფლება ოპონენტებს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს

აქცია

პირველ მაისს, მთელი ღამის განმავლობაში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.

დემონსტრანტებმა, თავდაპირველად, ჭიშკრის დაზიანება სცადეს, მოგვიანებით კი, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ - ჩაამტვრიეს პარლამენტის შენობის მინები.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ნაგვის ურნები და სხვადასხვა სახის ნივთი მიიტანეს - ააგეს ბარიკადები, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ისროდნენ ქვებს, ჯოხებს და ბოთლებს.

პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

იყო ქუჩაში დამაგრებული სათვალთვალო კამერის მოხსნის მცდელობა. დემონსტრანტებმა დაანთეს კოცონიც.

პარლამენტში გამოცხადდა უსაფრთხოების წითელი დონე. დღეს, 2 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართა.

ახლა, საკანონმდებლო ორგანოში ყვითელი დონეა ამოქმედებული, რა დროსაც, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. შენობაში მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იყენებდნენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებს, რაც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება.

საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ იქ შეკრებილები პოლიციელებზე ძალადობდნენ.

ადამიანები პოლიციელებზე ძალადობდნენ, შენობას ცეცხლს უკიდებდნენ, ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი იყო, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ყველა სამართალდარღვევას. არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს არ გაცდენილიყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში და არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, აგრძელებდა შეურაცხყოფას. ჩვენი მიზანი არის, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, მათ არავინ მისდევს და არ ავიწროებს. უბრალოდ, ვუხსნით, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ. პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, რაოდენობა არაა ის, რომ ხელოვნურად გზა დაკეტონ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აქციის მონაწილეებმა ღამით, ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.

შეკრებილები სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს ისვოდნენ პარლამენტის ეზოში, სადაც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი.

გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. 

წუხანდელი ფაქტები ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება გამოეყონ აღნიშნულ მოვლენებს. რაც ხდებოდა, მათი პატრონების მიერ იყო დაგეგმილი. გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ - ვანდალიზმი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო. თუმცა, ცხადია, ყველა ასეთ დანაშაულს გაეცემა შესაბამისი პასუხის კანონის ფარგლებში.

ყველაფერი არის იგივე, როდესაც ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა აკერმანის წიგნის საშუალებით. მე გაჩვენებთ ფოტოს, სადაც სიძე-დედოფალი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ეს არის კიევი, მაიდნის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტო ვითომ ქორწილის ამსახველი. ალბათ, გახსოვთ კადრები, რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი აქციაზე მივიდა. ეს არის იგივე მეთოდები. ისევ იქ არიან ჩარჩენილი და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა გაჰყვეს, გზა ხსნილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

1-2 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. უწყებაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა.