1732386875
"ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ" - გიორგი ვოლსკი
ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს - სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა, როგორც ამ დრომდე ცნობილია, სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს.
"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება - უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის, დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში.
"წარსულ გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, 2020 წელს ამბობდნენ ძალიან ხაზგასმით, რომ ისინი იქნებიან სიტყვის გამტეხნი, ე.წ. პუფები, თუ შემოვიდოდნენ პარლამენტში და უარს ამბობდნენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე და ეს არ არის სახელმწიფოს დაფინანსებად წოდებული, შეიძლება იყოს, მაგრამ არსი იმ თანხებისა მომდინარეობს იქიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით, ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესი განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უკვე იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი.