ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ განაცხადა.

„ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. ჩვენ - საზოგადოებას გვაქვს უფლება, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ქვეყნისთვის დამატებითი უსაფრთხოების ღვედის ფუნქციას შეასრულებს.

“საქართველო ისეთ მდგომარეობაშია უკვე რამდენიმე წელია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი. კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა მიღებული გარედან”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.