1745440671
"ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ვამბობთ, რომ შმიგალის ეს განცხადება საქართველო ინტერესებშია" - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილის სტატუსზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. "ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და "ენჯეობი" საპროტესტო აქციას აორგანიზებენ. 2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია," - წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მათი გუნდის არცერთი წევრი შმიგალის რიტორიკას არ დათანხმებია.
"ჩვენ მაგ დროს აქტიურ პოლიტიკაში ვიყავით, პარლამენტში ვიყავით და ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ვამბობთ, რომ ეს განცხადება საქართველო ინტერესებშია. რა უკრაინას უნდა შეერთებოდა, თავს ძლივს ვიცავთ, დავმშვიდდეთ და ჩვენს საქმეს მივხედოთ. მადლობის ნაცვლად, რაღაც ძველ ამბებს ამოვიღებთ და გვინდა ამაზე ავაწყოთ პროპაგანდა - ჩემი პასუხია, მადლობა უკრაინელებს, რომ მათ თავისუფლების დაცვით დაიცვეს, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თავისუფლება," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მის გუნდს არასდროს მოუთხოვია რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება.
"ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყანამ უნდა გადადგას საქართველოს გაცხადებული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენს გუნდს არასდროს არ მოუთხოვია დამატებითი სანქციების დაწესება რუსეთზე," - აცხადებს თეონა აქუბარდია.