„ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო და თვითმმართველობაც ჩანიშნონ ერთად“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

ოთხი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და უთანხმოება ოპოზიციაში - ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებდა, შეთანხმებულიყო ერთი კანდიდატი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ გახარიას გუნდს ცალკე ყოფნა სურდა.

გახარიას პარტიასთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უკვე საუბრობენ "ლელოს" წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თუ შეირჩევა წერტილები, სადაც ოპოზიცია ერთიანი ძალით იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა ეს ოპოზიციისთვის უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ვიდრე ბოიკოტი.

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა საჭიროა.

„გამოვდივართ ინიციატივით, რომ თვითმმართველობის საკითხებზე საჭიროა მსჯელობა.

ერთიანობას მოაქვს ის, რომ შეიძლება ძალიან დიდი შედეგი დაიდოს, მაგრამ სანამ ამ საკითხზე არ დაწყებულა მსჯელობა, სხვა წარმომადგენლებისგან ვხედავთ თავდასხმებს, ან დამოუკიდებელ სტატუსებს - არ არის სერიოზული.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. პოზიცია იქნება შესაჯერებელი და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, მიღებულ გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ.

ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო და თვითმმართველობაც ჩანიშნონ ერთად“, - განაცხადა ლანა გალდავამ.