1696234801
ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის - პაველ ჰერჩინსკი

ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, შთამბეჭდავი იყო ნახვა, რამდენი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა წლების განმავლობაში რეგიონულ განვითარებაში.
„ეს არის ჩემი მეორე დღე კახეთში. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მანამდე მოვახერხე იმერეთისა და აჭარის მონახულება, მომავალში ვაპირებ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვიმოგზაურო. ეს იყო ძალიან შთამაგონებელი მოგზაურობა, რომლის დროსაც განვიხილე ევროკავშირის განვითარება ჩვენს ბენეფიციარებთან. შევხვდი ბევრ ახალგაზრდას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ჩვენ ვიყავით პანკისის ხეობაში, ვიყავით ყვარელში. დღეს ვსტუმრობდით ჩვენი დახმარების სხვადასხვა ბენეფიციარებს თელავში. რა თქმა უნდა, მე ვზედამხედველობ ევროკავშირის განვითარების პროექტებს მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მაგრამ მართლაც შთამბეჭდავი იყო, რამდენი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა წლების, ათწლეულების განმავლობაში რეგიონულ განვითარებაში. ვნახე გზები, რომლებიც ევროკავშირის თანხებით აშენდა, სკოლები, რომლებიც ევროკავშირის თანხებით აშენდა. ვესაუბრე ადამიანებს, მცირე მეწარმეებს, მევენახეებს, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის თანხებით დაარსებული ლაბორატორიით. მართლაც ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.