ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 102 სტუდენტი და კურსდამთავრებული გადის, ისინი საკმაოდ დაინტერესებულები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით

ვახტანგ ცინცაძე

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 102 სტუდენტი და კურსდამთავრებული გადის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაანონსებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.

„მომართვიანობა იყო საკმაოდ მაღალი და საკმაოდ დიდი კონკურსი იყო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა არის ანაზღაურებადი და საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე შეიძინონ პრაქტიკული უნარები სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით საკმაოდ დაინტერესებულები არიან.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება სტაჟირების პროგრამას და პრემიერის ინიციატივას და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საჯარო სექტორში ახალგაზრდების შემოსვლას. მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით საკმაოდ დაინტერესებულები არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო სამსახური არის პრესტიჟული და არის მოთხოვნადი ახალგაზრდებში და სტუდენტებში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

✕