ვახტანგ გომელაური: შსს-ს თანამშრომლებს მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, რასაც აკეთებენ მოქალაქეების, სამშობლოს დასაცავად, პირობას გაძლევთ, თითოეული ჩვენგანი ღირსების ორდენებს ღირსეულად ვატარებთ

ვახტანგ გომელაური

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ დაფასებისთვის, სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის გადმოცემისთვის. მერწმუნეთ, ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი პატივია. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა და არ აღვნიშნო თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელსაც თითოეული პოლიციელი, როგორც რიგითები, ასევე, ჩვენ - ხელმძღვანელი პირები ვხედავთ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის.და ბოლოს, მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემულ ღირსების ორდენებს, თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. დიდი მადლობა!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.