პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ახალი გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის პირობებში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა აქვს, თანაც ლამის კონსტიტუციური, და ამას ხომ უნდა მიხვდეს რომელიმე პარტია? - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, პროცენტებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ამ გამოკითხვამ ძალიან ნათელი სურათი აჩვენა, თუ მოსახლეობაში რა განწყობაა.
„მოსახლეობის ფაქტობრივად 2/3 უარს ამბობს პოლიტიკურ პარტიებზე. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე აკლია, რომ ახალი ძალა წარმოშვას, ამიტომ ვჯერდებით იმ სპექტრს, რომელიც დღეს გვყავს. ეს შედეგები ძალიან რეალურია, რადგან ეს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა დაკავებულია მხოლოდ იმით, თუ ვინ მოიპოვებს და ვინ დაკარგავს ძალაუფლებას. საზოგადოების ინტერესი კი ეს არ არის, მას სხვა პრობლემები და ინტერესები აქვს. როდესაც პოლიტიკური სპექტრი ვიწრო წრეშია ჩაკეტილი, ბუნებრივია, ხალხი ვერ ხედავს ძალას, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს. 30 წელია იმით ვართ დაკავებული, როგორ ჩავანაცვლოთ ერთი ხელისუფლება მეორით. არაფერი კეთდება ან დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ან სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის თუ ნორმალური საბაზრო პირობების ჩამოყალიბებისთვის”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, პატარა პარტიები ახლა იმას ელოდებიან, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევა თუ არა. თუ დარჩება 1%-იანი ბარიერი, მაშინ თვლიან, რომ ცალკე ყოფნა ურჩევნიათ, თუ იქნება 5%-იანი ბარიერი, მაშინ ან შექმნიან კოალიციას ან წავლენ რომელიმე მხარეს. პრობლემა ის არის, მმართველი პარტია შესწორებებს დღეს არ მიიღებს. თუ კონსტიტუციაში ცვლილებები საერთოდ შევა, იქნება ბოლო მომენტში, რადგან თავად “ქართული ოცნებაც” არ არის ჩამოყალიბებული, რა ურჩევნია. ამიტომაც არის ეს გაუგებრობა და პატარა პარტიებიც ვერ რისკავენ, რაც მგონია, მათთვის ძალიან ცუდია. შანსი ყოველთვის უნდა გამოიყენო და თუ ვერ ხვდები, როდის და სად არის შანსი, შედეგიც შესაბამისია”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.