ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში, 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის - მარტა კოსი

მარტა კოსი

საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამე გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დმეონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც უშულოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი და განიხილავს დამატებით გადამისამართებას. ჩვენ ასევე გამოვედით ინიციატივით, ნაწილობრივ შევაჩეროთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზელიბერალიზაციის შეთანხმება, რათა დავაწესოთ სავიზო მოთხოვნები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულ ინიციატივას იანვრის ბოლოსთვის უყრიან კენჭს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“.

„ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას საქართველოში. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის. ასევე მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო კომუნიკაციის საქმიანობისთვის და უნდა გავაძლეიროთ რეაგირება დეზინფორმაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ავრცელებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.