უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენაა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი დონის ვიზიტი ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

„რა თქმა უნდა, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, რათა ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. პარალელურად, ტარდება ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის პრაქტიკული კავშირების გაძლიერებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.