უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს სათანადო მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახური - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

 დასკვნით ეტაპზეა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილების განხილვა. მესამე მოსმენით, საკითხზე დღეს ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

სიახლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ამიერიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ცვლილება ითვალისწინებს იმ პირის მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოკითხვასაც, რომელსაც კონკრეტული პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია გააჩნია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება სამომავლოდ წარმოქმნილ გაურკვევლობებს დააზღვევს.

"შესაბამის რეესტრს, რომელიც არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი, სათანადო მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ეს, საერთო ჯამში, აამაღლებს უფლებამოსილების განხორციელების ეფექტიანობას, ვინაიდან ეს გარკვეული გაორება, საბოლოო ჯამში, შეიძლება ყოფილიყო, გარკვეულ გამოწვევებში გარდაქმნილი", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.