1795897646
USAID-ის საქმიანობამ უმძიმესი კვალი დატოვა მთელს მსოფლიოზე - დავით მათიკაშვილი
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ USAID-თან დაკავშირებით გავრცელებული დოკუმენტებით კიდევ ერთხელ მკაფიო გახდა, თუ რა სქემით მოქმედებდა ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც კონკრეტული ფაქტები აქვს ილონ მასკსაც.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც, უზარმაზარი ქსელი მოქმედებდა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ხელისუფლებაზე ზეწოლა და ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება.
"USAID-ის საქმიანობამ უმძიმესი კვალი დატოვა მთელს მსოფლიოზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აქტუალურია უკრაინის ფაქტორი, რაზეც ილონ მასკი საუბრობს, თუმცა ჩვენ საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ - თვალნათლივ დადასტურდა, რომ 2000-იანი წლებიდან, USAID-ი და არაფორმალური ძალები ჩართულნი იყვნენ ქვეყნების საქმიანობაში, რათა შეექმნათ ქსელები საკუთარი ნარატივისა და სურვილების განსახორციელებლად.
ერთადერთი სწორი, რაც შესაძლოა და ჩვენმა ქვეყანამ დაუპირისპირა ამ ბოროტ ძალას, იყო გამჭვირვალობის კანონი, რომლის მიმართაც შავი კამპანია ააგორეს, მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა. დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართალი იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლება, როდესაც ამ საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.












