1772134861
ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპოზიციის წარმომადგენლებს პასუხობს - „ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“
ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, ევროკომისიის წინადადების თანახმად, ევროსაბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.
„საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ნეგატიური მოვლენების შესახებ ევროკავშირმა მტკიცედ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება არჩევნების დარღვევების, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენების გამო. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს. მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების შემცირება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის შეთანხმების მოქმედება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, როგორც ეს ევროპის საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში განაცხადა“, – ნათქვამია წერილში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიხია მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს.
„პირველ ეტაპზე ვიზების გაცემა შეუჩერდათ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი ის შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, რომლებიც ქმნიან ვიზების შეჩერების გადახედვის მექანიზმს. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება, გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებს არ მოაგვარებს. წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში პოტენციურ შემდგომ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის მიღწეული, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს. წერილს ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.












