უკრაინელი და ქართველო კოლეგების მიმართ მთავარი გზავნილია, რომ სრულად სოლიდარულები ვართ - NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

ნატო

დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრები ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან. თბილისისა და კიევის დელეგაციები თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით უკვე ბრიუსელში არიან. შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

უკვე ცნობილია, რომ ალიანსი ასპირანტ სახელმწიფოებს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას დაუდასტურებენ, ისევე როგორც მხარდაჭერას რუსული აგრესიის პირისპირ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობა და ომის საფრთხე განხილვის თემა იყო მინისტერიალის პირველ დღესაც.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას უკრაინის სტაბილურობისა და სუვერენობისთვის. გვჯერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიას უზრუნველყოფს. ამიტომ ყველა საუბარში, მათ შორის ჩემს უკრაინელ თუ ქართველ კოლეგებთან ერთად, გავაგრძელებთ იმის დადასტურებას, რომ ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესების დასაცავად უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდიმ.

„ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს საზღვრებს. გზავნილი რუსეთისთვის ნათელია - აგრესიას სანქციები მოჰყვება. უკრაინელი და ქართველო კოლეგების მიმართ კი ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ისინი აქ არიან, რომ ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ მათ მიმართ და რომ ჩვენი აზრით, მათ აქვთ სრული უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ნებისმიერი სახის აგრესია მათ წინააღმდეგ მიუღებელია," - განაცხადა ლუქსენბურგის თავდაცვის მინისტრმა, ფრანსუა ბუშიმ.