1764081739
თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია და მეგობრობის ჯგუფის წევრები, პარლამენტში სტუმრად მყოფ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თურქ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„თურქეთის სახით, საქართველოს სტრატეგიული და მეგობარი სახელმწიფო ჰყავს. თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ურთიერთთანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. შესაძლებლობები გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე მედიცინის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას მხარეებმა კომიტეტების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ნაყოფიერსა და შედეგიანს გახდის“, - განაცხადა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრები: მარიამ ლაშხი, ირაკლი ზარქუა, ანზორ ბოლქვაძე და გია ბენაშვილი დაესწრნენ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.











