1732386875
თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შევამცირეთ, მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ - პრემიერი
მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შევამცირეთ, მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც ძალიან ხელშესახები შედეგია, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებით კი დამატებით 40%-ით გაიაფდება მედიკამენტები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს და ამ მიზნით, 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა.
„რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, აქაც ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. მე აქედან გამოვყოფდი მედიკამენტების რეფორმას, მედიკამენტების ფასებზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი დისკუსია და შევძელით ის, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ მედიკამენტების ფასის საგრძნობი შემცირება, 80%-ით შემცირება. ახლა ჩვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და მადლობა პარლამენტს, რომ მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს დამატებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები, როგორც მოგახსენეთ, შემცირებულია 60-80%-ით, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია. ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული და როგორც მოგახსენეთ, 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე უკვე დაწესდება რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან და შემდეგ ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს აღნიშნული რეფორმა. ასევე, ჩვენთვის მთავარია, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს. 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ „ჯიემპის“ და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე „ჯიდიპის“ სტანდარტზე გადასვლა დასრულდება. ასევე, უახლოეს მომავალში ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი მედიკამენტები. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომავალ წელს ასევე 150 ამბულატორიის რეაბილიტაცია- მშენებლობა არის დაგეგმილი. ასევე, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სერიოზულ რეფორმებს ვგეგმავთ. მინისტრმა ამის თაობაზე კონკრეტული ხედვა წარუდგინა საზოგადოებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.