თურმე აქაური "ენჯეოები" უნდა დაფინანსდნენ ისე, რომ საქართველოს მოქალაქემ არ იცოდეს, საიდან ფინანსდება და რისთვის; ხოლო უცხოეთში როცა ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

"თურმე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში უცხოური გავლენა უნდა იყოს დაცული და საქართველოში უცხოური გავლენა უნდა იყოს გაძლიერებული. სად არის აქ ლოგიკა? როდესაც 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ "გამჭვირვალობის კანონი", ატყდა ამბავი, რომ თურმე, საქართველოში ანტიდემოკრატიული კანონი მიიღება, მაშინ, როდესაც ამერიკაში უკვე მიღებული ჰქონდათ. FARA-ს წყალობით ვიგებთ მილიონების გადარიცხვას საქართველოს წინააღმდეგ," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის ამოქმედებას.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

"საფრანგეთში, ბელგიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე ხდება ის, რომ უცხოური გავლენისგან დაცვისთვის იღებენ კანონს, რაც მართალია, მაგრამ ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე, აქაური "ენჯეოები" უნდა დაფინანსდნენ ისე, რომ საქართველოს მოქალაქემ არ იცოდეს, საიდან ფინანსდება და რისთვის; ხოლო უცხოეთში როდესაც ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ეს ორმაგი სტანდარტი ზუსტად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ და ამიტომაც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.