"თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, ვერცერთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ" - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

"თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, აზრს ვერ ვხედავთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების. ზოგადადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეტად ხალხი კონცენტრირებულია იმ მიზნების შესრულებაზე, რაც საპროტესტო ტალღას აქვს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა შესრულდება.

"მთავარია, ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნები - ეს გახლავთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამ ორი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.