თუ პირი/სახელმწიფო მოხელე იქნება მხილებული კორუფციულ დანაშაულში სასამართლოს მიერ, მას შემდგომი 30 წლის განმავლობაში მუდმივად უნარჩუნდება ანტიკორუფციულ ბიუროში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებებს, სავარაუდოდ, დღეს, მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ქონებრივი დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება 30 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, თანამდებობის პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აქვს.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყანაში კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლას უფრო ეფექტიანს გახდის.

"აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირი/სახელმწიფო მოხელე იქნება მხილებული კორუფციულ დანაშაულში სასამართლოს მიერ, მას შემდგომი 30 წლის განმავლობაში მუდმივად უნარჩუნდება ანტიკორუფციულ ბიუროში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ დღეს მოიპარა, ცოტა ხანი ჩაჯდა, როგორც იტყვიან, მერე გამოვიდა და გააგრძელა მოპარული სახსრებით გემრიელად ცხოვრება, რომ ეს იყოს დაზღვეული ასეთი რისკით", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი